როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე განაცხადა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საცხოვრებელ ფართებზე ფასები ერთ დონეზე დასტაბილურდა.
რაც შეეხება მიწის ფასების საშუალო ინდექსს, რომელიც ქადაგიძის განმარტებით, ყველაზე საგრძნობლად დაეცა, ისევ კლებას განაგრძობს, თუმცა დაბალი ტემპებით.
"უძრავი ქონების ფასები ყველაზე მეტად მიწაზე შემცირდა. ამ კუთხით თითქმის 62-%-იანი კლება ფიქსირდება", - განაცხადა ქადაგიძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა ავტომანქანების გაყიდვების რაოდენობაც.
"წელს ყველაზე მეტი ავტომანქანა სექტემბერში გაიყიდა", - განმარტა გიორგი ქადაგიძემ.
მისი შეფასებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი გაიზარდა და ამ წელს ყველაზე მეტი გარიგება სექტემბერში დაფიქსირდა.