„ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობაში მყოფ ერთი-ორ ახირებულ პერსონაჟთან საერთო არაფერი მინდა მქონდეს,“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს, თუმცა პარტიის შიდა დაპირისპირებასა და ბევრ შეცდომას ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობაში მყოფ რამდენიმე პირს უკავშირებს. მისივე შეფასებით, არჩევნების მეორე ტურში პარტიის მონაწილეობა შეცდომა იყო, რადგანაც ამან კიდევ უფრო მეტი დემორალიზება და იმედგაცრუება გამოიწვია. სააკაშვილი დიდ შეცდომად მიიჩნევს იმასაც, რომ პარტიამ „ხელები დაუშვა“ იმის მაგივრად, რომ ხალხი დაერაზმა და ბრძოლისა და შეურიგებლობისაკენ მოეწოდებინა.