10-13 ნოემბერს, მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს.
10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.
ფესტივალის პროგრამა:
10 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - JAMIE CULLUM
11 ნოემბერი 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი -NICHOLAS PAYTON TRIO
12 ნოემბერი- 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - CANDY DULFER & BAND
13 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - GREGORY PORTER
ფესტივალის წარმომდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია;
მასპინძელი: სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისი; რესტორანი შავი ლომი;
საინფორმაციო მხარდაჭერა: GDS, „რუსთავი 2“, „არტარეა“, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა“; „Georgia Today“, ჟურნალი „ოკ“;
ოფიციალური გადამყვანი: TURKISH AIRLINES;
მონაწილეების შესახებ:
ჯეიმი კალუმი (დაბ. 20 აგვისტო, 1979 წ) - ჯაზის და პოპის ინგლისელი შემსრულებელი, ორი ოქროს გლობუსის მფლობელი, ორჯერ მოპოვებული წლის ადამიანის ტიტული და სონი რადიოს სამი ჯილდო - მისი ნომინაციების მხოლოდ ნაწილია. ჯეიმი კალუმის სახელზეა 10 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. ჯაზის უბადლო შემსრულებელს სხვადასხვაგვარი მუსიკალური ჟანრის ერთმანეთთან შერწყმის შეუდარებეული უნარი აქვს, რაც მის მსოფლიო აღიარებას განაპირობებს.
ნიკოლას პეიტონი (დაბ. 26 სექტემბერი, 1973 წ) - მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი ნიკოლას პეიტონი ნიუ ორლეანში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. პირველი ალბომი From This Moment 1992 წელს ჩაწერა; ორი წლის შემდეგ შეასრულა ფილმის - „კანზას სითის“ საუნდთრექი, 1997 წელს კი აიღო Grammy კოლაბორაციისთვის Doc Cheatham & Nicholas Payton. მისი სხვა ალბომებია: 1995 - Gumbo Nouveau, 1997 - Fingerpainting: The Music of Herbie Hancock, 1998 - Payton's Place, 1999 - Nick@Night და 2001 –Dear Louis.
2003 წლიდან თანამშრომლობა დაიწყო Warner Bros-თან; გამოუშვა Sonic Trance. ავტოავარიამ მისი პროფესიული საქმიანობა მხოლოდ დროებით შეაჩერა - 2006 წელს პეიტონი მუსიკალურ კარიერას ალბომით Mysterious Shorter-ით დაუბრუნდა. მასვე ეკუთვნის 2011 წლის ალბომისთვის -Bitches ჩაწერილი ყველა სიმღერის არანჟირება, პეიტონმა თავად შეასრულა ყველა ინსტრუმენტის პარტია, იმღერა და საკუთარ თავზე აიღო პროექტის პროდიუსერობაც.
ქენდი დალფერი (დაბ. 19 სექტემბერი, 1969 წელი) - საქსოფონზე დაკვრა და სიმღერა ექვსი წლის ასაკში დაიწყო, საკუთარი ბენდი კი 14 წლისამ ჩამოაყალიბა. მისი სადებიუტო ალბომი „Sexuality“ 1990 წელს გამოვიდა და მუსიკოსს „გრემის“ ნომინაცია მოაპოვებინა. ამჟამად,ქენდი დალფერს ცხრა სტუდიური, ორი საკონცერტო და ერთი ნაკრები ალბომი აქვს. დეივ სტიუარტთან ერთად ჩაწერილმა ცნობილმა ჰიტმა „Lily Was Here“ მუსიკოსს სახელი მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში გაუთქვა. ქენდი დალფერი ტურებს მსოფლიოს გარშემო თავის ბენდთან ერთად დაახლოებით, უკვე 25 წელია მართავს. დაკავებულია ასევე ახალი ალბომის ჩაწერით, რომლიდანაც რამდენიმე ახალ ნაწარმოებს სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის, თბილისში შეასრულებს.
გრეგორი პორტერი (დაბ. 4 ნოემბერი 1971 წელი) - დაიბადა ლოს ანჯელესში, ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა თავისი კუმირის ნატ კინ კოლის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ საკუთარ ყაიდაზე შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა. მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე მუსიკოსი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის - ჯაზზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზს და გოსპელს. გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა 2010 წელს პირველი ალბომით, Water დაიწყო. Water რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში შედიოდა.
შემდეგი ალბომი Be Good მსმენელს მომღერალმა მეორე წელს წარუდგინა და გრემიც აიღო „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში.
ქართველი მსმენელის წინაშე თავის კვინტეტთან ერთად მუსიკოსი 13 ნოემბერს წარდგება.