პერიმეტრი დაცულია და შესაბამისად, საყარაულო წესი, რომელიც დადგენილია პრეზიდენტის ბრძანებულებით, აძლევს გუშაგს შესაძლებლობას აღნიშნულ ვითარებაში იმოქმედოს მყისიერად ობიექტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია ”იმედს” ,,კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას.
,,აღნიშნულ ობიექტზე ტარდება მუდმივ რეჟიმში წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. იმ საღამოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჩვენი პარტნიორებიც, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითის წარმომადგენლები. შესაბამისად, დაცვის ხარისხი ძალიან მაღალია. მე, ბუნებრივია, ვწუხვარ იმ სამწუხარო შედეგის გამო, რაც დადგა. ბუნებრივია, არავის უნდა ასეთი შედეგი დადგეს, რაც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მაგრამ აქ ლაპარაკია სახელმწიფოს ინტერესებზე, ლაპარაკია დიდ საჯარო ინტერესზე და ეს რეგულირდება კანონით და გარკვეული ნორმატიული აქტებით. ამიტომ, საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტულია, როდესაც ჯარისკაცი ან სხვა ორგანოების წარმომადგენლები მკაფიოდ გაწერილი წესებით და ინსტრუქციებით მოქმედებდნენ”, - განაცხადა იზორიამ.
ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობისას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.