"პარლამენტის ყოფილ წევრ ვიქტორ ჯაფარიძეზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა და იგი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო", _ ამის შესახებ განცხადება პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში იგი ესუბრა ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის წევრებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ზეწოლის გამო იძულებიული იყო, საზღვარგარეთ წასულიყო. ბრეგაძე ვერ აკონკრეტებს ვერც ქვეყანას, თუ სად იმყოფება ვიქტორ ჯაფარიძე და როდის შეძლებს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა აღნიშნავს, რომ პირვე;ლივე შესაძლებლობის შემთხვევაში იგი ღიად გააკეთებს განცხადებას მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე პარტია "თავისუფლებას" დასახელებული ჰყავდა მესტიაში მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტია "თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ გააკეთა განცხადება ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე. მისი თქმით, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ჯაფარიძეს ურჩევდნენ კანდიდატურის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ჯაფარიძე დაიკარგა, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ.