„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავებას გამოეხმაურა.
"ველოდებოდით ანონსირებულ დიდი ხნის განმავლობაში, დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ახალი არაფერი არ თქვა სინამდვილეში, რასაც ველოდებოდით. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ანონსირება ხდება პირველივე საათებიდან, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის უმსგავსო განცხადებიდან დაწყებული, როდესაც მან პირდაპირ დასვა ასე ვთქვათ შეკვეთილი ივანიშვილის მიერ ვერსიის აქცენტები, რაზეც შემდეგ ვერ აეწყვნენ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო საქმე გაუფუჭათ მათ მიერ ბრალდებული ადამიანის მამამ, რომელმაც თქვა, რომ მის შვილს კავშირები აქვს რუსეთთან და დიდი ხანია რუსეთშია და არა უკრაინაში”,- განაცხადა გივი თარგამაძემ
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის კადრები, რომლებიც შსს-მ გაავრცელა, საკმარისია ვარაუდისთვის, რომ სწორედ იმ კადრებში გადაღებული ადამიანი აფეთქებს მანქანას. თუმცა, თარგამაძის განცხადებით, გაუგებარია, საიდან დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ხეჩუაშვილია.
მისივე თქმით, ბრალდებული დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ მასზე ჰქონდა გაფორმებული ხეჩუაშვილს საკუთარი მანქანა. თარგამაძის განცხადებით, საქმის გამოძიებამ ინტერესი არჩევნების ჩატარებისთანავე დაკარგა.
„ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმის გამო დააკავეს, რომ მასზე ჰქონდა გაფორმებული ხეჩუაშვილს საკუთარი მანქანა და თქვენ ნახეთ, რომ ბრალი წაუყენეს არა ამ საქმესთან კავშირში, არამედ უბრალოდ იარაღის უკანონო შენახვისთვის. არაფერს არ გამოვრიცხავ ამ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ რეაქცია მისი ოჯახის, ამიტომ რამდენად არის სარწმუნო, რომ თუნდაც რაიმე კავშირშია ჩემს აფეთქებასთან ეს ადამიანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სარწმუნო არაფერია. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმდენად წინასაარჩევნოდ განსაზღვრული იყო ეს ყველაფერი ჩემი აფეთქების ჩათვლით და შემდგომი გამოძიებით, რომ გამოძიებამ პრაქტიკულად ინტერესი არჩევნების ჩატარებისთანავე დაკარგა. რეალურად, მე ერთხელ ვარ დკაითხული მოწმის სახით. პერიოდულად აქვთ ხოლმე გახსენება, რომ სამედიცინო ექსპერტიზა არის ჩასატარებელი. მე არასდროს უარი არ მითქვამს, მაგრამ როგორც ამბობენ, მერე ისევ ავიწყდებათ", -განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, რეალური შემსრულებლებიც და დამკვეთებიც ნამდვილად გახდება ცნობილი ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც. „ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს ასე იქნება, ყველა შემთხვევაში, პირობას გაძლევთ“,- აღნიშნა თარგამაძემ.