ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ლარის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურსის ცვლილებას ბიუჯეტთან კავშირში არ აქვს. მისი თქმით, კურსის ცვლილებას არასწორი მოლოდინები და ერთჯერადი ტრანზაქციები იწვევს.
,,ვეთანხმები ეროვნულ ბანკს - ორი ფაქტორია, რაც ლარის კურსის ცვლილებაზე ზემოქმედებს. ერთია, არასწორი მოლოდინები, რაც გარკვეულმა ექსპერტებმა შექმნეს და თითქოს, არჩევნების შემდეგ ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არასწორი მოლოდინების შექმნა ლარზე ზეწოლას იწვევს და ეს შემდეგ უფრო მაღალ კურსში აისახება. მეორეა, ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახსენა. ეს გარკვეულ გავლენას იწვევს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მაკროპარამეტრები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა, ქვეყანაში გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“, - აღნიშნა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტის ხარჯვას ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია.