ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ევროკავშირის საკითხებში შვედეთის საგანგებო წარმომადგენელს ფრედრიკ ლოიდკვისტს შეხვდა, რომლის საგანგებო მისია საქართველოში დასასრულს უახლოვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების რეალურ პერსპექტივებს, მათ შორის, უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, რომლის ნაწილი იქნება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
აღინიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებში ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი.
ასევე ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და იმ დახმარებაზე, რასაც შვედეთი საქართველოს დემოკრატიული და თანამედროვე ქვეყნის მშენებლობის გზაზე უწევს.
დასასრულს, ვიცე პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრედრიკ ლოიდკვისტს საქართველოში გაწეული საქმიანობისა და აქტიური მხარდაჭერისათვის.