ქართული მხარის ვარაუდით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევით მილიბენდი, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს რუსეთში ვიზიტის ფარგლებშიც გააკეთებს.
"ვიზიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან უკვე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, სადაც მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთი დაეხმარება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგომ ქვეყნებს და რომ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ კონტექსტში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის საუბრებს ბატონი მილიბენდისა და რუსი მაღალჩინოსნების შეხვედრაზეც ექნება ადგილი ", - განაცხადა დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიწვევით, დღეს მოსკოვში ვიზიტს იწყებს.