პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აღშფოთებულია როგორც ,,ქართული ოცნების“ ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებით. საქმე ეხება დღეისათვის დაგეგმილ ეთერში მმართველი გუნდის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმასა და ამის გამო ,,რუსთავი 2“ -ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, მან რამდენიმე წუთის წინ შეიტყო, რომ „რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ პარტიას შორის დაგეგმილი პოლიტიკური დებატები აღარ შედგება,
„ეს ჩემთვის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების მხრიდან, რომლებიც დებატებს ყველგან თავს არიდებენ. არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ორი-სამი სხვა პარტია არ მობრძანდნენ საზოგადოებრივ არხზე დაგეგმილ დებატებში. ისიც არ იკადრეს, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რატომ. პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, ის პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე უარს ამბობს. დებატები არ არის უფლება, არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობა პოლიტიკოსების ვალდებულებაა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
სპიკერი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“ ,,ქართული ოცნების“ ჭკუაზე დადის.
„ასევე, აღშფოთებული ვარ და მინდა, „რუსთავი2“-მა თავისი ეთერით საზოგადოებას ამცნოს, რომ ამ შემთხვევაში, „რუსთავი2“ „ქართული ოცნების“ ჭკუაზე დადის. თუ ისინი არ მოვლენ, საზოგადოებას დანარჩენი პარტიების დებატები არ აინტერესებს?! არ მოვლენ, მათი ტრიბუნა ცარიელი დატოვეთ და დანარჩენ პარტიებს საშუალება მოგვეცით, ჩვენი ხედვები გავარკვიოთ. მედია პოლიტიკური მხარე ნუ იქცევით, თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა - სკამი დატოვეთ ცარიელი“, - დასძინა უსუფაშვილმა.