დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო დაშავებული ქალბატონის - სტაბილური, რომელიც გადაყვანილია ნეიროქირურგიის განყოფილებაში. ამის შესახებ კომენტარი ექიმმა რეანიმატოლოგმა, ქეთევან ხარეგიშვილმა გააკეთა.
"2 პაციენტი იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ შემოყვანილი. აქედან ერთი მამაკაცია, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის დახურული ტრამვები აქვს და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ასევე, აღენიშნებოდა დამაწვრობები სხეულის სხვადასხვა ადგილებში. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუქნთქვაზე და შემდგომ საოპერაციოში. ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მეორე პაციენტი გახლავთ საშუალო ასაკის ქალბატონი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმითა და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მისი მდგომაროება სტაბილურია და გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში", - განაცხადა ქეთევან ხარეგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ბარათაშილის ხიდთან დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.