ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით იმედს იტოვებს, რომ "მოხმდარს პოლიტიკური სარჩული არ მიებმება". ამის შესახებ ბესელიამ მაესტროს ეთერში განაცხადა. ბესელია ასევე ამბობს, რომ მოხმდართან დაკავშირებით მას "დადგმული სცენარები" გაახსენდა.
"ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხდებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ ექნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარის შექმნა. იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული, რაღაც სცენარი. შემდეგ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, თავისუფალი ზონის წარმომადგენელბის მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შეფასებები", - ამბობს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ბარათაშილის ხიდთან დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.