თარგამაძე ამოირჩიეს იმიტომ, რომ ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
“ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ძალები ყველანაირ ძალადობაზე არიან წამსვლელები. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების. P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება ”
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ბარათაშილის ხიდთან დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.