დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ტერორისტულ აქტად აფასებს.
როგორც მან გადაცემა არჩევანში განაცხადა, „ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ამას ტერორისტული აქტის დეფინიცია მიეცეს“.
გიგა ბოკერია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პრემიერ-მინისტრს "უფუნქციოს" უწოდებს.
„დღეს ერთ-ერთი მარიონეტის, პრემიერ მინისტრის, რომელიც ყველაზე არაგამაღიზიანებელი ტიპაჟის მიმართვა იყო მშვიდობაზე, ძმობაზე და ერთობაზე. ხელისუფლება იძიებს არარეალურ ფაქტებს მაშინ, როდესაც რეალურად რაც ხდება ქვეყანაში და რაც, მინიმუმ, მათი პასუხისმგებლობაა, ან საერთოდ მათი ჩადენილია, რაზეც ეჭვი გვაქვს, არ რეაგირებს. კარგია, რომ 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღე რჩება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ბარათაშილის ხიდთან დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.