„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუბრუნოთ პედაგოგის პროფესიას დაკარგული ღირსება და პრესტიჟი. პროფესიული განვითარების სქემას უნდა ჰქონდეს არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგთა ავტორიტეტის აღდგენასა და მოტივაციას, რომ მეტად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ უნარებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, პედაგოგათა ანაზღაურების სისტემას, დაწყებითი განათლების საფეხურზე ნულოვანი კლასისა და გახანგრძლივებული სწავლების შემოღებას, პედაგოგთა ასაკობრივ ზღვარს. ითქვა, რომ მასწავლებლის სკოლაში მუშაობა ასაკით არ უნდა განისაზღვროს, მთავარი კრიტერიუმი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს.