თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში გორისა და ქართლის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა. ირაკლი ალასანიამ გორელებს გააცნო გორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გეგმები.
‘’მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ აღდგეს ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან - მე ვიქნები თქვენი ელჩი და პირადად ჩავუდგები ამ პროცესს სათავეში. დაკარგული ნდობა უნდა აღდგეს’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმაზე და ადგილობრივებს კონკრეტული ხედვა გააცნო: გორის რეგიონში ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გამოცდილების გათვალისწინებით ამ იდეის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და ამუშავება; ქართულ-ოსური სავაჭრო, კომერციული სასოფლო სამეურნეო პროექტების დაფინანსების მიზნით მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარების ფონდის დაარსება; ფონდში ქართული, რუსული, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების ფინანსებით ერთობლივი ბიზნესპროექტების დაფინანსება.
ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ყველა სოფლის საჭიროებების სრული გათვლისწინებით პროგრამული მრავალწლიანი ბიუჯეტის შემუშავება ცენტრალური და მუნიცეპალური თანამონაწილეობით და ამ თანხების მოხმარება ინფრასტრქტურულ, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ პროექტებზე.
‘’ჩვენ რეგიონში უნდა შევქმნათ სტაბილური, პროგნოზირებადი, უსაფრთხო გარემო, ასეთი გარემო იქნება ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი და, შესაბამისად, გორის განვითარებისთვის დაიხარჯება მეტი ფული, აქ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი; უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება ყველა გორელისთვის ხელმისაწვდომი გახდება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა გორის ტურისტული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, უნდა განვითარდეს ეკო, ღვინის, სამკურნალო და აგრო ტურიზმი.