არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებზე მიუთითებს.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.
ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ ისაუბრა.
”პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ხდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ”, - ნათქვამია ნაგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. მათივე ცნობით, პარტიების შეხვედრებზე, ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას.
”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების - პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად, პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატა. რამდენიმე შემთხვევის გარდა, შეუძლებელია ფაქტის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. აღნიშნული სახის დარღვევები პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის მასალებს შეეხო.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიაში მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური მოწოდებებით გამოირჩეოდა.
საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია.
”ადმინისტრაციულ რესურსს, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების დამზადების და უფასოდ გავრცელების, შენობა-ნაგებობების გამოყენების, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ზოგიერთ მუნიციპალიტეტის ინიციატივა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნოდ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშში უკანონო მიყურადების შემთხვევებზეც არის საუბარი.
”წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდა პოლიტიკურად აქტიური პირების უკანონო მიყურადების შემთხვევები. ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სცენარს განიხილავენ. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს”, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ერთი მხრივ, როგორც ჩანაწერების ავთენტურობისა და დანაშაულებრივი განზრახვის რეალურობის დასადგენად, ასევე, უკანონო ფარული მიყურადების დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი.
წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ასევე აქვეყნებს საქართველოს არჩევნების პორტალის ინციდენტების ინტერაქტიულ რუკაზე მისამართზე: http://www.electionsportal.ge/.
ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავადაც გააგზავნოს სავარაუდო საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაცია SMS-ის მეშვეობით უფასო ნომერზე 90039 ან ვებ-პორტალზე: http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.