მსოფლიო სანავთობო ბაზარზე შავი ოქროს ღირებულების დაცემამ ანტიამერიკული კოალიციიდან ყველაზე მეტად ვენესუელა დააზარალა. თუ რუსეთმა ეკონომიკური კოლაფსისგან თავის დაღწევა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვით და ქამრების არც ისე მტკივნეულად შემოჭერით შეძლო, ირანმა კი ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით დასავლურ სანქციებს თავი დააღწია, კარაკასი მწვავე ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების წინაშე უსუსური აღმოჩნდა. ვენესუელა დღეს შიმშილობს.
მწვავე სასურსათო კრიზისი ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს შეეხო. მაღაზიებში დახლები უკვე მთელი წელია, ცარიელია. დროდადრო მეზობელ ვენესუელელებს საზღვარს რამდენიმე საათით კოლუმბია უხსნის. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კილომეტრიანი რიგები დგას. სურსათის შესაძენად კოლუმბიაში გადასვლას რამდენიმე ათასი ადამიანი თუ ახერხებს, თუმცა პროდუქტების შეძენა ორმაგ ფასად უწევს. ფული კი ვენესუელაში სურსათზე არანაკლებად დეფიციტურია.
ვენესუელაში არსებულ ვითარებას კატასტროფულად აფასებს Fox news latino. ტელეარხს ინტერვიუ კარაკასის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო სკოლის პედაგოგმა მისცა. როგორც კლაირეს დიასი ამბობს, გაკვეთილებზე დასწრება კლასებში თითქმის განახევრდა. მიზეზი საკვების უკმარისობაა. მშობლებს მაღაზიებში კანტი-კუნტად შემორჩენილი სურსათის რიგში დგომა დღე და ღამე უწევთ, რის გამოც სკოლაში ბავშვების წაყვანას ვერ ახერხებენ. მოზრდილები კი საკვების რიგში მშობლებთან ერთად დგანან.
„საკუთარი თვალით დავინახე, როგორ წაუვიდა გული მოსწავლეს. მან გონება დაკარგა და წაიქცა. მშიერი იყო. ეს არამხოლოდ ჩვენს სკოლაში ხდება. კოლეგები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ბავშვებს შიმშილისგან გული მისდით,“-ამბობს კლაირეს დიასი.
ბოლო გამოკითხვებით, ვენესუელაში დღეში ორჯერ არასრულწლოვანთა მხოლოდ 36 პროცენტი იკვებება, რაც ნამდვილ კატასტროფად შეიძლება ჩაითვალოს. კატასტროფული მდგომარეობაა ჯანდაცვის სისტემაშიც. მედიკამენტების უკმარისობის გამო საავადმყოფოები მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღებას თანხმდებიან.
მწვავე სოციალური პირობების ფონზე ვენესუელაში სახალხო მღელვარება მატულობს. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აწყობს. კონგრესმენ მიგელ პისაროს თქმით, მთავრობა შეიარაღებაზე მილიონებს ხარჯავს, საკუთარ მოსახლეობას კი აშიმშილებს. ერთადერთ მშველელად ვენესუელას ლათინოამერიკული სარეზერვო ფონდი გამოუჩნდა, რომელმაც კარაკასს საკვებისა და პირველადი საჭიროების საგნების შესაძენად 482 მილიარდი დოლარი გამოუყო. მასობრივი სახალხო მღელვარების ფონზე რიტორიკა შეარბილა პრეზიდენტმა მადურომაც. ჰუგო ჩავესის პოლიტიკური მემკვიდრის ლექსიკონიდან უკვე რამდენიმე თვეა, შეერთებული შტატების შეურაცხმყოფელი ეპითეტები ამოვარდა. ნიკოლას მადურო დღეს აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს.