ბოსნიელმა სერბებმა მთავარი ეროვნული დღესასწაულის, „სერბული რესპუბლიკის დღის“ თარიღის შეცვლას მხარი არ დაუჭირეს. ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლომ 9 იანვარს რესპუბლიკის დღის აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალა, თუმცა საყოველთაო რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა. ძველი თარიღის დატოვებას მხარი ელექტორატის 99 პროცენტმა დაუჭირა. 1992 წლის 9 იანვარს ბოსნია ჰერცეგოვინის სერბ ხალხთა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელმაც ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მანამდე კი ადგილობრივმა მუსლიმანებმა იუგოსლავიიდან ბოსნია ჰერცეგოვინის გასვლის შესახებ გამოაცხადეს. დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება ფართომასშტაბურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რასაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.