პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ოპოზიციური კანდიდატები უკმაყოფილებას არჩევნების შედეგების მიმართ ზოგადი ფორმულებით გამოხატავენ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბრალდებები არ გაჩნდება, ზოგადი განცხადებები ნაკლებად ეფექტური იქნება. ამის შესახებ საყვარელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"უკმაყოფილება უფრო ზოგადი ფორმულებით გაჩნდება. კონკრეტული ფაქტები საჩივრებისა თუ არ იქნა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონკრეტული ხმების სამართლიანობას, ზოგადი პოლიტიკური განცხადებები ნაკლებად ეფექტურია", - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი არჩევნების პარალელურად ჩატარებულ ეგზიტპოლიებსაც შეეხო, რომელიც ქართული ტელეკომპანიების დაკვეთით, უცხოურმა კომპანიებმა ჩაატარეს.
"ეგზიტპოლი ყოველთვის ტოვებს კითხვის ნიშანს, თუ რა არის სინამდვილეში, თუმცა რეალობა ეგზიტპოლების შედეგებიდან ძალიან დიდად განსხვავებული არ არის ხოლმე. მით უმეტეს, საქართველოს არჩევნებში", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.