20 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში შარდენის ქუჩაზე (N19) გაიხსნება დავით ალექსიძის გამოფენა „გრძნობების ტრასფორმაცია“, რომელიც 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის გახსნაზე ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრა გაბუნიას ავტორობით გამოიცა. იგი შედგება ქართულ-ინგლისური ტექსტისა და მხატვრის ოთხმოცდაათი ნამუშევრის კატალოგისაგან. ტექსტი იგება მხატვრის შემოქმედების პერიოდების ქრონოლოგიური ჩარჩოების და ზოგადი დახასიათების მეთოდით. წიგნი ასევე გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონალური პროექტის“ ფარგლებში, პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.
დ. ალექსიძის პერსონაჟების - ნიუს, ნიღბიანი ქალის, ივდითის იდეალური სხეულის ფორმები ტრანსფორმირებულია, გასუქებულია, შეცვლილია და როდესაც მხატვარი თავის პერსონაჟებთან კრანახის, ბოტიჩელის პერსონაჟებს აწყვილებს ან კომპოზიციურ კომპილაციას მიმართავს, ის ცდილობს დაამკვიდროს ირონია პათოსის ნაცვლად, რეფლექსი მოქმედების ნაცვლად, გაარღვიოს დაბალი ბარიერები ელიტარულობის ნაცვლად, გაიმეოროს და არ მიმართოს ინოვაციას, იკეკლუცოს რადიკალიზმის ნაცვლად. მცირე დოზით დორიან გრეის სინდრომის რემინისცენციებით დ.ალექსიძე თანამედროვე კულტურაზე, საკუთარ ხელოვნებაზე ირონიზირებს და სხვა მედიუმში ტრასფორმირდება. ეს უფრო სინტაგმაა ვიდრე პარადიგმა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მხატვარს თავის ფერწერულ ნამუშევრებშიც სილამაზე უკიდურესობამდე არასდროს მიყავს, დინამიკას კი სტატიკად აქცევს, სადაც რიტმი არიტმულია და ამით უცნაურ, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის ეფექტს აღწევს, აქაც. ამ მედიუმში, დიზაინისა და არტის ზღვარზე, ეს ერთგვარი თამაშია, ან იდეა თამაშზე.
აღნიშნული ტექნიკურ-კონცეპტუალურ ასპექტების მიღმა კი, უფრო ღრმა კონცეპტი იკვეთება: ჩვეულებრივ, ყოველდღიურ აზროვნებას, ქმედებას, რეაქციებს მოაქვს სტრესი, ჩვეული ცხოვრების დინებას მოაქვს ტრადიციული რუტინა, აგრესია, ტყუილი, უარყოფითობა, ერთფეროვნება, ერთგვაროვანი რექციები, ამიტომ საჭიროა ხელოვნური ტრანფორმაციის გზაზე დადგომა, ყოველწამიერი ჩარევა საკუთარ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, აზროვნებაში, გრძნობებში, წარმოდგენებში, ქცევებში, რეაქციებში, მათი ტრანფორმირება სტრესიდან სიყვარულამდე, ამას ტრანსფორმაციის ხელოვნება ჰქვია. სტალკერები ხომ ყველაზე ხშირად მიმართავენ მას. თანამედროვე მხატვრები კი ჩვენი სტალკერები არიან.
გამოფენის კურატორი: ალექსანდრა გაბუნია.
დავით ალექსიძე გახლავთ ქართველი მხატვარი. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მას არაერთ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი ავტორია პროექტების - საქართველოსა და ევროპაში. მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში. დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.