რუსეთის საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევით გაიმართა. ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა ილკა კანერვამ განაცხადა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებმა არ შესთავაზა ამომრჩეველს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა.
როგორც ილკა კანერვამ განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურაზე ნეგატიურად აისახა მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო მედია. მისი თქმით, რუსეთში საჭიროა მეტი სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის.
ამავე დროს, ილკა კანერვამ აღნიშნა, რომ გამართუ; არჩევნებზე ეუთო-ს მიერ შეინიშნებოდა გამჭვირვალეობის დონის ზრდა.
რუსეთში გამართულ არჩევნებს ეუთო-ს 500-მდე დამკვირვებელი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ გაუგზავნია ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ დუმის არჩევნებზე,
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 93 % უკვე დათვლილია. მმართველმა პარტიამ - "Единая Россия" ხმების 54,42% მიიღო და პარლამენტში 343 ადგილს მიიღებს. კომუნისტურმა პარტიამ - КПРФ ხმების 13,52% მიიღო და 42 მანდატს მიიღებს. ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 13,28 % მოაგროვა და 39 მანდატს მიიღებს. პარტიამ "Справедливая Россия" კი ხმების 6,17% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 47,81%-მა მიიღო. აღსანიშნავია, რომ პუტინის "Единая Россия"-სთვის 343 მანდატი სარეკორდოა, შედარებისთვის - მათ 2011 წლის არჩევნებზე 238 მანდატი მიიღეს.