ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ქართული ოცნების ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.
„ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე რა თქმა უნდა ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ.
რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული”, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 3 აქტივისტი გუშინ, გამთენიისას ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში, იარაღით შევიდა. ,,აქედან ორი აქტივისტი იყო სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრი, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი, ორ მათგანს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივეს ჰქონდათ ჩადებული ქამარში პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის მოქმედების სტილს. ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა, აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.