19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექციის“ გამოფენა გაიმართება. ბიბლიოთეკაში დაცულია ვეფხისტყაოსნის უძველესი, უიშვიათესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი გამოცემები. მათ შორის პირველი, 1712 წლის „ვახტანგისეული“ გამოცემაც. ასევე წარმოდგენილი იქნება, ერთ-ერთი ყველაზე ძველი კოლექციონერების ივანე და ვახტანგ ასლანიშვილების სრული კოლექცია. გამოფენა გაგრძელდება 25 სექტემბრამდე. სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამოფენის დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, დაცულია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჩინურ, იაპონურ, არაბულ, რუსულ, იტალიურ, აფხაზურ, ოსურ, სომხურ, ადიღეურ, აზერბაიჯანულ, პოლონურ, მონღოლურ, ლიტვურ, ესტონურ, უზბეკურ, მოლდოვურ, ბულგარულ ენებზე გამოცემული ვეფხისტყაოსნები.
პრეზენტაციას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ლიტერატურის მკვლევარები, რუსთველოლოგები და ფილოლოგები.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლარებს, აგრეთვე 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონპატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.