საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ სატელეფონო ჩანაწერებით მანიპულირება მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელია. გადაცემა ,,თეორემაში' მან აღნიშნა, რომ ხაინდრავას ფილმს არ ჰქონდა ის ეფექტი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდნენ, შესაბამისად არის მცდელობა სხვა მეთოდებს მიმართონ.
,, ამით ალბათ ხდება ქართული ოცნების პასიური ამომრჩევლის მობილიზება, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა არის. შეიძლება, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არ მუშაობს მეორე დიდი პროექტი, რომელიც დაჯდა რამდენიმე მილიონი, საუბარი მაქვს ხაინდრავას ფილმზე. ფილმს აშკარად არ მოჰყვა ის რეაქცია, რომლის მოლოდინიც ალბათ ჰქონდათ, არ მოხდა მობილიზება იმ აღშფოთებული ხალხის, შედარებით ზომიერი ადამიანების, რომლებიც განაწყენებული იყო თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობაზე და მისცა ხმა ოცნებას, მაგრამ ახლა პასივში არიან და არ წარმოადგენენ აქტივს. როგორც ჩანს, მათი მობილიზების მცდელობა აქვთ», - განაცხადა შარაშენიძემ.