შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი”, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 12 სექტემბერს,13:00 საათიდან - ახორციელებს პროექტს „... დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“. ღონისძიება უკვე მესამე წელია იმართება და მისი ავტორი და ხელმძღვანელია გიორგი სავანელი, რეჟისორი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი.
პროექტი ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით: საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“. სოციალური ნაწილის მხარდამჭერები არიან კომპანია „კასტელი“ და კომპანია „გეოპლანტი“ (ჩაი გურიელი).
პროექტის აღწერა:
13:00 - პროექტის გახსნა - სიონის ტაძრის ეზო (საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 9 სექტემბერს - ძვ.სტლ.). ღონისძიების /ორგანიზატორები/ (ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის და მხარდამჭერი უწყების თუ კომპანიის წარმომადგენლები) საზეიმოდ გახსნიან ღონისძიებას. სიტყვით გამოვლენ სალიტერატურო-სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი შეასრულებს სიმღერას ილიას ლექსის მიხედვით;
14:00 - მსვლელობა - შეკრებილი საზოგადოება/პროცესია სიონის ტაძრიდან ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ, იმ გზაზე რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე. გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების უნიკალური ჩანაწერები, წაკითხული ქართული თეატრის კორიფეების მიერ (რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერ გამვლელი)
15:00 - მთაწმინდის პანთეონში მოძღვარი გადაიხდის ილიას სულის მოსახსენიებელ პარაკლისს. მთაწმინდის პანთეონში ილიას საფლავთან გაიმართება მხატვრულ-თეატრალიზებული კომპოზიცია - კოსტიუმირებული დადგმა ილიას მკვლელობის თემაზე. დადგმაში მონაწილოებას მიიღებენ ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები.
17:00 - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართება წიგნის „საუკუნის მკვლელობა - გზა ილიასი“ (ახალი პიესა ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და მოღვაწეობის თემაზე) პრეზენტაცია.
წარმოდგენილი იქნება ზემოხსენებული პიესის თეატრალიზებული წარმოდგენა.
დასკვნით ეტაპზე მოხდება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს წარდგინება - „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“ (სკულპტურის ავტორი - მხატვარი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე); პრემია პირველად მომავალ წელს გაიცემა საზეიმო ვითარებაში (სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის საიუბილეო 2017 წლიდან დაიწყებს ათვლას), ამავე პროექტის ფარგლებში და ყოველწლიური სახე ექნება.
ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.
პროექტის წარმდგენის მიმართვა:
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ეროვნული ფენომენის არსებობა, რომელმაც მრავალი ავბედითი დრო გამოიარა და ცდილობს შეინარჩუნოს თავისი იდენტობა, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საქართველოს ისტორიაში ისეთი პიროვნებების მოღვაწეობით, რომლებმაც პიროვნული კეთილდღეობა სახელმწიფოს, სამშობლოს და ერის ინტერესებს ანაცვალა. ეს სიტყვები პირუთვნელად ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს, რომლის სახელის, იდეების და მიზნების უკვდავსაყოფად გვინდა განვახორციელოთ აღნიშნული ღონისძიება - 12 სექტემბერის საჯაროდ ხსენება თუ აღნიშვნა, სწორედაც რომ გვინდა საზოგადოებრივ ტრადიციად იქცეს ქართულ საზოგადოებაში, როგორც ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისა თუ მოვალეობის გამოხატულება. ილიას გზის მნიშვნელობა და უალტერნატივობა, ილიას ფენომენის, მისი მოღვაწეობის მუდმივი ხსოვნის და მისი ზნეობრივ ორიენტირად ქცევის მნიშვნელობა კი საზოგადოების ყველა ფენისათვის, უდავოდ პრიორიტეტულია.
სოციალური პასუხისმგებლობა: წელს, ჩვენი სურვილითა და ინიციატივით სოციალური პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შიდა ქართლიდან დევნილი, ფრეზეთის, წილკანის და კოდის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები 150 მოსწავლე, რომელიც ჩაერთვება ღონისძიებაში და დაესწრება ყველა აქტივობას.
პროექტში მონაწილეობენ:
- ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ილიას მკვლევარი - ვახტანგ გურული;
- მწერლები - თინათინ მღვდლიაშვილი და ერეკლე საღლიანი;
- თეატრმცოდნეობის დოქტორი - გუბაზ მეგრელიძე;
- მსახიობები - მარჯანიშვილის თეატრი - ნინო კობერიძე, ვალერი კორშია, თუმანიშვილის თეატრი - მანანა სურმავა, მოზარდამაყურებელთა თეატრი - საქ. დამსახურებული არტისტი პალიკო ნოზაძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, დათო ხახიძე და ახალგაზრდა მსახიობები.