თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ივენთ მენეჯმენტ კომპანია „Funday entertainment“ - ის ორგანიზებით, ცნობილი ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით - "Walking to Tbilisi" გაიმართება.
ნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში; 19 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა. გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში - ამ პერიოდიდან იწყებს კარიერას, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ნნეკა რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley; აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა "Viva Africa". ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს". Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს "The Miseduction of Lauryn Hill" შეადარა.
მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული ნნეკა 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით, "My Fairy Tales" წარდგა მსმენელის წინაშე. "My Fairy Tales" გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებით და რუთს რეგის რითმიკით. ნნეკა ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა "Walking", რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს; კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა. სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ "Walking to Tbilisi" ჰქვია.