ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ხვალ საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ გაიხსნება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში 10-14 სექტემბერს იმართება, ორ ქვეყანას ერთი პროექტის ფარგლებში გააერთიანებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა გამოფენები, ფოტოჩვენებები, პრეზენტაციები და ჩატარდება მასტერკლასები. ფესტივალის მთავარი სტუმრები იქნებიან ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფები ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი. ისინი გამოფენების პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის მასტერ-კლასებს მოაწყობენ. ფესტივალის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ირანული ფოტოგრაფია ღამის ჩვენების და ლექციის სახით, რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანი გამართავს.
”გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-მე-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში“. ფესტივალის 2016 წლის გამაერთიანებელი თემაა „ტერიტორია/სივრცე“, სწორედ ამ მთავარი გამოფენით გაიხსნება ფესტივალი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.