ისლამ კარიმოვს, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 1991 წლიდან იკავებდა, სამშობლოში ,,დოდას“ ეძახდნენ, რაც მამას ნიშნავს. ,,დამიბრუნეთ მამა“ - ასე ემშვიდობებიან უზბეკეთში ერთადერთ პრეზიდენტს.
უზბეკეთის მთავრობამ პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტი გუშინ დაადასტურა. ოფიციალური ინფორმაცია ტაშკენტმა ადგილობრივი დროით 21.55-ზე გაავრცელა. მანამდე კი, რამდენიმე დღის მანძილზე ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები კარიმოვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტს მალავდნენ, მით უმეტეს, იმ ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, სადაც ლიდერთა მმართველობა რამდენიმე ათეული წელი გრძელდება.
მაგალითისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალებას 2 დღე მალავდნენ, ჰუგო ჩავესის გარდაცვალების შესახებ ვენესუელელებმა 2 თვის დაგვიანებით შეიტყვეს. რამდენიმე დღე მალავდნენ თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურათ ნიაზოვის სიკვდილსაც. მსგავსი პრაქტიკა ნაცნობი იყო საბჭოთა კავშირისთვისაც, სადაც „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ სულ მცირე 2-3 დღე გრძელდებოდა.
უზბეკეთის პრეზიდენტი მის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში დაკრძალეს, პრეზიდენტის მოვალეობას კი პარლამენტის თავმჯდომარე ნიგამტულა იულდაშევი გადაიბარებს.