პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები ზღვიდან. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას, , რომლის თანახმადაც წვრთნებს არასერტიფიცირებული ინსტრუქტორები ატარებდნენ, პრემიერმა აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.
"ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა და მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ჩემთვის და ყველასთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ - ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება", - განაცხადა პრემიერმა.
გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით.