საქართველოში რუსული იმპერიული პოლიტიკის გამარჯვების შანსს ვერ ვხედავ. მით უმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძნელია გამოძებნო ასე თუ ისე სერიოზული პოლიტიკოსი, ვინც სერგო ორჯონიკიძის როლს იკისრებს. მარგინალები კი ყოველთვის ყველგან იარსებებენ, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ თავი ზედმეტად არ უნდა დავიმშვიდოთ.
„რუსული პოლიტიკისათვის რაც უფრო აშკარა გახდება, თუ რა ამაოა ამგვარი სტრატეგიებით გამარჯვების იმედი, მით მეტია საშიშროება, რომ რაღაც უკიდურესს და უგვანოს მოიმოქმედებენ. ეს კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც“, - აცხადებს ფირალიშვილი.
მისი თქმით, ტიპიური რუსი პოლიტიკანისათვის, და არა მხოლოდ მისთვის, ქართველი კაცი სწორედ ისეთია, როგორებადაც რუსულ ფილმებში გვხატავდნენ - უსასრულოდ ბრიყვი ეგზოტიკური არსება, რომელსაც თავადაც ვერ გაუგია, რატომ უყვარს სიცოცხლე და არავითარი სიღრმე არა აქვს.
„სანამ ასე იქნება, სანამ არ აღიარებენ, რომ ჩვენს მიმართ ასეთი იმპერიულ მოწყალე-მოძალადე დამოკიდებულებით მხოლოდ აგებენ, სანამ არ მიხვდებიან, როგორი ამაოა ჩვენთან ურთიერთობა კოლონიზატორი-აბორიგენის მოდელით ააგონ, საქართველოში რუსული იმპერიული პოლიტიკის გამარჯვების შანსს ვერ ვხედავ. მით უმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძნელია გამოძებნო ასე თუ ისე სერიოზული პოლიტიკოსი, ვინც სერგო ორჯონიკიძის როლს იკისრებს. მარგინალები კი ყოველთვის ყველგან იარსებებენ. ის, რაც ძიებების სიღრმით და ადამიანის ულმობელი გაშიშვლებით, სიკვდილის იდეასთან მახლობლობით აღტაცების მომგვრელია დოსტოევსკისთან ან პლატონოვთან, პოლიტიკაში გადმონაცვლებისთანავე მილიონობით ადამიანის კოშმარად იქცევა სხვადასხვა ფორმით და ეს ჩვენში ბევრს ესმის“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.