რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის ნაცვლად საქართველოს სახელით ირაკლი რევიშვილი იასპარეზებს.
ამის მიზეზი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველი მოცურავის დოპინგზე გაკეთებული სინჯების დადებითი პასუხი გახდა.
საზმაუწყებლის ინფორმაციით, საწყალოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოლიმპიადაზე ირაკლი რევიშვილი გამოვა. რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი სტილით იასპარეზებს. მან რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.
ბოლქვაძის დოპინგ ტესტის მეორადი სინჯების პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამ ეტაპისთვის კი მოკვლევა მიმდინარეობს.