საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ბათუმში მისი და ფეთჰულა გიულენის ფიტულების დაწვის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და ცახადებს, რომ ,,ასეთი ხელმოცარული ზონდერებით ცდილობს ივანიშვილის მთავრობა, დაჩრდილოს ლევან ვარშალომიძის აშკარა უპირატესობა აჭარაში.
,,როგორც ჩანს, კარგად უსწავლიათ მეთოდიკა აბაშიძისგან, თუმცა, ის კი დავიწყებიათ, როგორ დამთავრდა მისი ქმედებები.
საქართველომ უკან მოიტოვა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.
ჯერ, ვარშალომიძეზე საქმის აღძვრა გაჭირვებული მოსახლეობისთვის სახლების აშენების სურვილის გამო; შემდეგ, ხმის ამოღებისთვის ჩემი დაჯარიმების ინიციატივა და ახლა, ამას ემატება პირდაპირი თავდასხმის მცდელობა - ეს ყველაფერი ჩემთვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რუსმა ოლიგარქმა იცის - მას არჩევნები უკვე წაგებული აქვს.
ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადარჩენისა და წინსვლისთვის მალე გადავა ახალ, ბევრად უფრო მძლავრ და საინტერესო ეტაპზე. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ოქტომბერში ეს მარაზმი აუცილებლად დასრულდება, ჩვენს ხალხს ვეღარ მოატყუებენ. რუსი ოლიგარქი დამარცხდება და მის დესანტს კი, ნამდვილად მოუწევს კრემლისთვის "ჩუნგა-ჩანგა"-ს სიმღერა, რადგან ჩვენს სამშობლოში მათ ბოროტ ტაკიმასხრობას გასავალი აღარ ექნება”, - აცხადებს სააკაშვილი.