ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის მიერ დღეს ე.წ. საკოსნტიტუციო რევოლუციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას რუსთავი 2-ის იურისტები ეხმაურებიან. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები რეალობას არის მოკლებული.
როგორც რუსთავი 2-თან საუბარში საძაგლიშვილი აცხადებს, რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელების წარდგენისას ადგილი არ ჰქონია დარღვევებს, საქმე არ განხილულა სწრაფად. მეტიც, იურისტის თქმით, სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელის განსახილველი 9 თვიანი ვადაც დაარღვია.
"პარლამენტის წარმომადგენელმა აცილების შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვდა კონკრეტული მოსამართლეების აცილებას სწორედ ნიკა გვარამიასთან კავშირების გამო. თუმცა, საქართველოს პარლამენტს არ მოუთხოვია და არ დაუყენებია იმ დანარჩენი მოსამართლეების აცილების საკითხი, რომლებსაც იდენტური და ხშირ შემთხვევაში, უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ნიკა გვარამიასთან. თუნდაც იგივე ზაზა თავაძე, რომელიც მოადგილე იყო ნიკა გვარამიასთან. თავაძემ მხარეს პროცესზე შესთავაზა დაეყენებინა აცილების შუამდგომლობა თუ კი მას ასეთი ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას ლალიფაფიაშვილზე, რომელთან ერთადაც პარლამენტის წევრი იყო ნიკა გვარამია, იგივე შეიძლება ითქვას ოთარ სიჭინავაზე, რომელთან ერთადაც იუსტიციის საბჭოში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ნიკა გვარამია, - აცხადებს საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, პარლამენტი სელექციურად არჩევდა იმ მოსამართლეებს და ხაზს უსვამს სწორედ იმ მოსამართლეებს და იმ მოსამართლეებთან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კავშირებს, რომლებიც არ ემორჩილებიან ეკა ბესელიას და გიორგი ვოლსკის პოლიტიკურ სურვილებს.
"ალოგიკურია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადება გარკვეულ კონსპირაციულ კავშირებზე ჩვენსა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი კოლეგია, რომელსაც ბრალს დებენ რაღაც კონსპირაციაზე დეპუტატები, 7 თვის განმავლობაში იხილავდა რუსთავი 2-ის საქმეს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონსპირაციას ჰქონდა ადგილი ან წინასწარ შეთანხმებით ხდებოდა სარჩელების მიღება, ბევრჯერ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელზე", - აცხადებს რუსტავი 2-ის ადვოკატი.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება დაჩქარებულ რეჟიმში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას, სარჩელი 2015 წლის 30 დეკემბერს შევიტანეთ ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით, ამ სარჩელზე დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილმა გააკეთა განცხადება, რომ ვინაიდან პირველი კოლეგია სარჩელს 7 თვე განიხილავდა, ვითომ პლენუმსაც ამდენი დრო უნდა ჰქონოდა. ეს არის აშკარად წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, რადგან კანონში ნათლად წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9 თვე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად. ვადა არის ზოგადად სასამართლოსი. სასამართლომ დაარღვია მაქსიმალური ვადა, რომელიც იმპერატიულად არის განსაზღვრული. ამ დარღვევაში ლომის წვლილი ეკა ბესელიას ინიცირებულმა კანონპროექტმა შეიტანა, რომლის საფუძველზეც მერაბ ტურავამ ხელოვნურად გააჭიანურა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა. რაც შეეხება სარჩელთა რეგისტრაციის დროს კანონდარღვევის ინფორმაციას, ეს ინფორმაცია გაჟღერდა მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ. ტურავა იყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელმაც არსებითად განსახილველად მიიღო ჩვენი სარჩელი და თუ რამე დარღვევა იქნებოდა, მერაბ ტურავა მაშინვე დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას,"- განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.