საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის დაინტერესდა წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული საკითხით და გუშინ, საღამოს მთავარ პროკურორს ესაუბრა. პრემიერის თქმით, პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია.
„პროკურორი აცხადებს, რომ მას თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია. რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებული საკითხი იმ კამპანიის გაგრძელებაა, „როცა რაღაცას დაგაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გასცე“.
„საზოგადოების შეკითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ მე როგორც მეჩვენება, ყველაფერი არის იმ კამპანიის გაგრძელება, როცა რაღაცას დაგვაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გავცეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
,,პოსტსკრიპტუმთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
,,პოსტსკრიპტუმის” ინფორმაციით, საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.