სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელი რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
ქეთევან ციხელაშვილმა კი გიორგი კვირიკაშვილს მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა კონფლიქტების მდგრადი მოგვარებისა და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ არის საქმეზე მიმართული და თან არის ძალიან პრინციპული, რითაც შევძელით ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, მყარი არაღიარების პოლიტიკა და ამავე დროს ნულოვანი ნიშნულიდან დაგვეძრა სამშვიდობო პროცესი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დინამიურ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ განვაგრძობთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია ერთიანი საქართველო,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილი პაატა ზაქარეიშვილის პირველი მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებს და საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი წარდგენისას ახალი მინისტრის ევროპულ განათლებაზე გააკეთა აქცენტი.