ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა, მძევლები გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ექიმებზე, რომლებიც პოლიციის საგუშაგოს შენობაში ოთხი დღის წინ დაჭრილი აქტივისტების დასახმარებლად შევიდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა გაქცევა მოახერხა, დანარჩენი ორი კი აქტივისტებმა გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ გაათავისუფლეს.
სპეცსამსახურმა შეიარაღებული აქტივისტების წარმომადგენლებს იარაღის დაყრისა და შენობის დატოვებისთვის ერთი საათი მისცა, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცველების განცხადებით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტივისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთი პოლიციელი მოკლეს.
საგუშაგოს შენობასთან გვიან ღამით ისევ შეიარაღებული აქტივისტების მომხრეები შეიკრიბნენ, უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების შემდეგ მათ მსვლელობა ბაგრამიანის მოედნისკენ მოაწყვეს და სამთავრობო შენობებთან შეიკრიბნენ.
ისინი აქციის გამართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავდნენ, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
ერევანში, პოლიციის განყოფილება უკვე ორი კვირაა შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული, სააგენტო „რია ნოვოსტის” ინფორმაციით, დაჯგუფება „სასნა ცრეცი“, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ მისიას შესრულებულად მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, დაწყებული მოძრაობა საერთო სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა, რის გამოც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას. 29 ივლისს ერევნის ცენტრში პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 75 კაცი. იუწყებიან, რომ პოლიციამ დააკავა 20 დემონსტრანტი, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებს.