"თუკი საქართველო შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ნატოს წევრი გახდება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველომ გამოხატა ნატოში შესვლის ინტერესი და პროცესი გრძელდება. ალიანს შექმნილი აქვს კომისია, რომელშიც საქართველო საკუთარ პროგრამებს ამუშავებს და წინ მიიწევს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ საქართველოს ამ სწრაფვას, ვეხმარებით მას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში, ასევე დემოკრატიის განვითარების პროცესში. ჩვენ ისევ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ საკითხის გადასაჭრელად და თუკი საქართველო დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, კონსესუსით, საქართველო გახდება ნატოს წევრი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა", - განმარტა გორდონმა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ გორდონი გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდა, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.