საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაუსახელა. გიორგი მარგველაშვილმა გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როცა ასეთ ინსტიტუტზე ხორციელდება ზეწოლა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებული გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო. როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამაზე პოლიტიკოსების შეშფოთება უნდა იყოს და ამ საქმეში დეტალური გარკვევა. მეორე, დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დაცულობაზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.