ნატოს წევრი ქვეყნების მხოლოდ გარკვეული პირობებით დახმარების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოეხმაურა და მიმართა ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, აშშ კვლავინდებურად იღებს პასუხისმგებლობას მათ დაცვაზე. ჯონ კერიმ თქვა, რომ „ჩვენი ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაცია 1949 წლიდან - რესპუბლიკელებისაც და დემოკრატებისაც- კვლავინდებურად სრულადაა ჩართული ნატოს ალიანსში და ასრულებს პასუხისმგებლობებს, რომლებიც უშიშროების სფეროში ეკისრება მას ნატოს მეხუთე მუხლის მიხედვით - ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველია ნატოში ჩვენი წევრობისა და მასთან პარტნიორობისა.“
New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას თქვა, რომ აშშ ნატოს წევრ ქვეყნებს მხოლოდ გარკვეული პირობებით უნდა ეხმარებოდეს. კერძოდ კი, პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ჯერ გაარკვევდა ნატოს წევრმა ქვეყანამ სრულად შეასრულა თუ არა საკუთარი ვალდებულებები.
დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. პარტიის ყრილობაზე მან დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. 8 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში, ამერიკელი მილიარდერი ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდება, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.