განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ფეთჰულა გიულენის მიერ საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის საკითხი თურქეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას განხილვის თემა იქნება.
„მართლა თუ აღმოჩნდა მტკიცებულება ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.
„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადებით, ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.