საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი ორთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანს მოხსნის.
"რუსთავი 2 არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობის თემა. ეს არის საკითხი, რომელსაც იხილავს მთელი საზოგადოება, მეტიც, მე არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც დაგიდასტურებთ, რომ არა მარტო ქართული საზოგადოების და ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ, როდესაც მე მაქვს ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან, ყველა შეხვედრაზე რუსთავი ორის შესახებ მეკითხებიან. რუსთავი ორის თემა აქტუალურია და განიხილება საარჩევნო კამპანიის და არჩევნების კონტექსტშიც. რუსთავი ორის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც და მე მაქვს დარწმუნებულობა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნებში რუსთავი ორის საქმეზე ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებთან დაკავშირებითაც უსვამდნენ კითხვებს.
"კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რა კომენტარებს აფიქსირებდნენ პოლიტიკოსები ამ საქმესთან დაკავშირებით, არაერთი მომისმენია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში. შესაბამისად, მე არ გავაკეთებ საქმეზე კომენტარს, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მაგრამ იმას დაგიდასტურებთ, რომ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა დედაქალაქში სვამენ. შესაბამისად, იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს", - განაცხადა პრეზიდენტმა.