საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის კანონპროექტის გაჭიანურება კითხვის ნიშნებს აჩენს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოსამართლეობი საზოგადოების დიდი ნდობით უნდა სარგებლობდნენ, თუმცა ამ დროს, ისე მიმდინარეობს მოსამართლეთა დანიშვნა, რომ არ არსებობს შერჩევის ზუსტი კრიტერიუმები.
”ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონი, რომელიც ორი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენით, რომელიც არის მხოლოდ წერტილ-მძიმის, სარედაქციო ტიპის შესწორებების ეტაპი, იქნას მიღებული. ასეთ კანონს როდესაც არ იღებენ და პარალელურად მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი დანიშვნის პროცესი, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს არა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება ან პოლიტიკური პოზიციები არ შეჯერდა, არამედ აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება ძალით ამ პროცესის გაჭიანურება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე 44 მოსამართლე დანიშნა. სულ სასამართლოებში 65 ვაკანტური პოზიცია იყო.