საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურში ცვლილებების შეტანას გეგმავს. მისივე ინფორმაციით, მანდატურის სახელის შეცვლაზე, კონკურზი გამოცხადდება.
,,მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ „შენ გაჩვენებ სეირს“. ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუ ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ახლა გაფორმებული არის სამმხრივი ხელშეკრულება, მანდატური კოორდინაციაშია დირექტორთან, გახდა თანამშრომელი, რაც პოზიტიურია.
„მაგრამ ბუას იმიჯი, თუნდაც ფორმა, რომელიც პოლიციისას ჰგავს, დარჩა. სიტყვა მანდატური ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ასეთი უცხო სიტყვა რომ შემოგაქვს, კომენდანტის „ბიძაშვილი იქნება“. მე რომ მომახერხებინა მანდატურს პარალულარდ მიჰყავდეს რაიმე წრე, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოება, ბავშვებთან მეგობრობა დამყარდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ის მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად ჟღერს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თუკი გარკვეულ საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.
მინისტრის განცხადებით, უწყება კადრების ნაკლებობას განიცდის. მისი თქმით, არ ჰყავს ადმინისტრაციის უფროსი და ყველაფრის გაკეთება თავად უწევს.