რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს მიერ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შეიარაღების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას ეხმაურება. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხდებს, რომ რუსეთი ნატო-ს ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.
“თუ ალიანსის არჩევანია შეიარაღების გაზრდა და აგრესიული რიტორიკა, ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ” , - აღნიშნა ზახაროვამ. ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ვარშავის სამიტის შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ კონსლტაციები გრძელდება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს დამატებითი 4 ბატალიონის განლაგებას დაუჭირა მხარი. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მერკელმა, ბუნდესტაგში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ნდობა რუსეთისადმი მნიშვნელოვნად დაზარალდა კრემლის ქმედებების გამო უკრაინაში.
ნატო-ს წევრი ქვეყნები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განლაგების გეგმას სავარაუდოდ ვარშავის სამიტზე დაამტკიცებენ, რომელიც ხვალ იხსნება.