პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ, ასევე არჩევნების წინ.
მისი თქმით, ამერიკაში წარმატებები „დემოკრატებს“ უსურვა, ჯონ წერიმ კი საქართველოში „რესპუბლიკელებს“.
,,შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების და ა.შ. მიმართულებით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, რადგან არჩევნებია.
”მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, მან საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას შეერთებული შტატებიდან მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ეს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მედიაში განვითარებულ მოვლენებს, უსუფაშვილმა განცახადა, რომ ამ თემაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.