საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე, ფრედ ითმაშა ფინეთთან (15-15), დამარცხდა ჰოლანდიასთან (16-24) და ბრძოლას მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს. 7 ივლისს ვეთამაშებით სლოვაკეთსა და ისლანდიას.
4 ივლისს, ჯგუფური ეტაპის პირველი ორ მატჩი წავაგეთ საფრანგეთთან (12-20) და ავსტრიასთან (14-23). ფინეთთან გვაკლდა ვენეცკი, რომელმაც ტრავმა მიიღო, ხოლო პირველივე ტაიმში დაშავდა პეტრენკო და გუნდი, ფაქტიურად, შემცვლელების გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, ტაიმი 8-7 მოვიგეთ, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე წინ ვიყავით - 15-12.
აქ გუნდის ლიდერ კუნელაშვილს ბურთი მოხვდა სახეში. ქეთი სწრაფად წამოდგა და სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ მსაჯებმა დრო გააჩერეს და ექიმს მოუხმეს, ხოლო ახალი წესების მიხედვით, მოთამაშეს, რომელსაც მოედანზე ექიმობა დასჭირდება, თავისი გუნდის მომდევნო სამ შეტევაში მონაწილეობა არ შეუძლია.
ფინელებმა გაგვიტანეს 2 გოლი, ხოლო დასრულებამდე 3 წამით ადრე ბერიძემ მეტოქის მოთამაშე მოედნის ცენტრში შებოჭა. რუმინელმა მსაჯებმა ჩათვალეს, რომ სიტუაცია საგოლე იყო, რადგან ფინელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა. ბერიძემ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო ჩვენს კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა და ანგარიშიც გათანაბრდა - 15-15. ფინეთმა სწორედ ამ ფრით გაინაღდა ჯგუფში მესამე ადგილი და ახლა მეცხრესთვის იბრძოლებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს, მოგების შემთხვევაშიც 13-18 ადგილებისთვის მოუწევდა თამაში.
ჰოლანდიასთან დაგვაკლდა დისკვალიფიცირებული ბერიძე და ვენეცკიც, რომელიც შესაძლოა 7 ივლისისთვის მომჯობინდეს. ჯგუფის გამარჯვებულთან 16-24 დავმარცხდით.
13-18 ადგილებისთვის შეიქმნება ორი სამგუნდიანი ჯგუფი. საქართველოს ნაკრებს, განრიგის მიხედვით 6 ივლისს დასვენება უწევს, ხოლო 7 ივლისს ორი მატჩი ექნება სლოვაკეთსა და ისლანდიასთან. იმის, მიხედვით, თუ რომელ ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, გაირკვევა ჩვენი მეტოქე 8 ივლისის ფინალისთვის.