ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და საზოგადოებას სწორი აქცენტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მფარველობდა, ხელფასს უხდიდა საერთაშორისო ძებნილ აგენტს, ტერორისტს, ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პირს თუ ის, რომ ამის შესახებ გაითქვა საიდუმლოება. მე არ მგონია, რომ სესიაშვილს ეთქვა რამე ისეთი, რისი გათქმაც არ იყო შესაძლებელი და კანონით დაშვებული, მაგრამ მოდით რა სხვანაირად შევხედოთ. რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ის რომ თურმე სააკაშვილი, თუ ეს დადასტურდა, მფარველობდა და ხელფასს უხდიდა ტერორიზმში ბრალდებულ პირს. ეს არ არის გაცილებით მნიშვნელოვანი?“- აცხადებს სოზარ სუბარი.
,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" ირაკლი სესიაშვილს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს და პროკურატურისგან დეპუტატის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შეიტანა.
”ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი და ის საკაკაშვილისგან, გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს, მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს. ის მუშაობდა სააკაშვილზე”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ,,რუსთავი 2“ -ის ეთერში.