საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რაც გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური მაზოხიზმია. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ მას ,,ქართული ოცნებიდან“ უსაყვედურეს, როდესაც თქვა, რომ ეს პროცესი იყო სამარცხვინო.
,,ვაღიარებ, არ ვიყავი სწორი, რადგან რაც დრო გადის, უფრო მივხვდი, რომ ის, რაც ხდება, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველიც და კიდევ ათასი უბედურება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უმჯობესია, უფრო მწვავე საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ჩვენი შიდა პრობლემები 57 ქვეყნის წარმომადგენელს თავს მოვახვიოთ.
„უმაღლეს დონეზე ვატარებთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რისთვისაც ასეულობით ადამიანმა იშრომა. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ სესიაზე წარადგინა უპრეცედენტოდ მწვავე რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით - ამ თემებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ის, რომ ჩვენი შიდა პრობლემები თავზე მოვახვიოთ 57 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წევრად. საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ? ის არგუმენტები, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა, კონტრპროდუქტიულია. გიგი წერეთელს ამ არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერით და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს "ქართული ოცნების" მხრიდან წინააღმდეგობის მხრივ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები უკვე დაიწყო. ეს წინასწარი არჩევნებია - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე იმ წევრებმა მისცეს ხმა, რომლებიც სესიის დატოვებას დღეს, დღის განმავლობაში ან ხვალ დილით აპირებენ. 50-მდე დელეგატმა ხმა უკვე მისცა, რომელთა ხმები ხვალ დაითვლება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილია გიგი წერეთლის კანდიდატურაც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება, შესაძლოა, მის მხარდამჭერთა რიცხვმა შედარებით იკლოს, ვინაიდან, ზოგიერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას დღეს საღამოს ან ხვალ დილით აპირებს.