მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაში გადავიდა, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა გიგი წერეთელმა "ქართული ოცნების" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, EPP-სა და რუსეთის დელეგაციას შორის სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა.
"მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაში გადავიდა, ესეც დიაგნოზია - ყველაფერი ეჩვენებათ, დაძაბულები არიან და მოეშვან, რატომ არიან დაძაბულები? - 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტყმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყანას ვეხმარები და არა "ნაციონალურ მოძრაობას" ან "ქართულ ოცნებას". მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ "ევროპის სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა. მისი განმარტებით, თუ EPP-ის კანდიდატ გიგი წერეთელს, მხარს დაუჭერს რუსული დელეგაცია, შესაძლოა, რუსეთს ხმის უფლება აღუდგინონ ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატია გიგი წერეთელი.